ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ოთხმა ახალმა პროგრამამ მოიპოვა FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია.
აღნიშნული აკრედიტაცია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერმა შემდეგი პროგრამების შემადგენლობით მიიღო:
პროფესიული განათლება - ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა (მაგდებურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით);
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა: განათლებისა და მეცნიერებების მმართველობა და ადმინისტრირება - ინგლისურენოვანი ერთობლივი პროგრამა კაპოდისტრიის ათენის უნივერსიტეტთან, მსოფლიო ბანკისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით;
განათლების მეცნიერებები - ქართულენოვანი ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა;
პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება - ინგლისურენოვანი, ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა (მაგდებურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით).
აღნიშნული წარმატება წარმოადგენს მრავალწლიანი სისტემური მუშაობის, აკადემიური ხარისხის განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების და აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობის ლოგიკურ შედეგს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხარისხის კულტურის გაძლიერებას უნივერსიტეტში.
FIBAA (Foundation for International Business Administration Accreditation) წარმოადგენს საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას, რომელიც აფასებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს, მათ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ხელს უწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.
უნივერსიტეტი ულოცავს პროგრამების განვითარებაში ჩართულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!